"არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას ფარულ ადგილას, ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს"

საუკუნოვანი სკოლის მატიანე
სკოლა არის დიდი ტაძარი განათლებისა, რომელიც ადამიანს ალამაზებს, აკეთილშობილებს, ამაღლებს. საქართველოში არსებულ სკოლებთაგან ზოგს საუკუნოვანი ისტორია გააჩნია. სოფელ ბუგეულში მდ. რიონის პირას ყურადღებას იპყრობს ორსართულიანი, თეთრი მტრედივით დაფრენილი შენობა ირგვლივ მწვანე ნარგავებითა და მოზრდილი მწვანე ხასხასა მინდვრიანი ეზოთი. ეს შენობა სკოლის სიმდიდრე და სიამაყე-საუკუნოვანი სკოლაა.
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, რაჭაში ქ.ამბროლაურიდან 12 კმ-ის დაშორებით მდ.რიონის მარცხენა ნაპირზე გაშენებულია ძველი და დიდი სოფელი "ბუგეული" თავისი მდიდარი წარსულით, არც თუ ისე სახარბიელო აწმყოთი და ოპტიმისტური მომავლით.
სოფლის სახელის წარმოშობა სვანური უნდა იყოს, რადგან "ბოგ" სვანურად ხიდს ნიშნავს. ხიდის ზემო წელთან, მდ. რიონის სანაპიროზე იმართებოდა ბაზრობა, სადაც მთელი დასავლეთ საქართველოს ხალხი იყრიდა თავს. ამ ბაზრობამ სოფელს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.
ბუგეულის საშუალო სკოლა იკრებს მთელ რიგ სოფლებს, რომლებიც ბუგეულის თემში შედიან: ბარეულს, გორისუბანს, აბანოეთს, ჯვარისას, ქედისუბანს და რაღა თქმა უნდა ბუგეულს. მოსწავლეთა უმრავლესობა თვით ბუგეულში მცხოვრებნი არიან. (მოსწავლეთა სურათი.)

ზარი არის სასკოლო ცხოვრების მაუწყებელი, ასობით ზარის გუგუნში ამოვარჩევთ ჩვენი სკოლის ზარის ხმას, დარეკავ ზარს და შეწყდება მწვანე მდელოზე მოსწავლეთა ჟრიამული, ისევ დარეკავ და კვლავ ახმაურდება ირგვლივ ყოველივე.

ეს ის სასკოლო ზარია, რომელიც მოუხმობს მოსწავლეებს სკოლისაკენ 110 წლის განმავლობაში. ბუგეულელებისათვის დიდი ბედნიერება გამხდარა, რომ მრავალი სოფლის განათლების ცენტრად აურჩევიათ სოფელი "ბუგეული" 1893 წლამდე მოზარდები სწავლობდნენ ერთკლასიან სასწავლებელში, სამწლიანი პროგრამით. ამ სასწავლებლის გამგე-მასწავლებელი იყო მოწვეული პედაგოგი დავით მდივანი. 1893 წლისათვის სკოლის მშენებლობა დამთავრებულა და ამავე წელს ბუგეულის სკოლა ნორმალურად იწყებს მუშაობას ხუთწლიანი პროგრამით. ისწავლებოდა შემდეგი საგნები: რუსული ენა, არითმეტიკა, გეომეტრია, ბოტანიკა,გეოგრაფია, ხაზვა, ხატვა, სიმღერა (რასაკვირველია ყველაფერი რუსულად).

მნიშვნელოვანი მოვლენა გამხდარა სოფელში საშუალო სკოლის დაარსება, რომლის გამოშვება 1940 წელს 44 მოსწავლეს უზეიმია. ბუგეულელთა ზეიმი საყოველთაო მწუხარებამ შეცვალა. ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მთელი საქართველო დადგა საბჭოთა ხალხთან ერთად. ბუგეულის საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები მაშინვე ჩამდგარან სამშობლოს დამცველთა რიგებში. 44 კურსდამთავრებული ფრონტზე თუ ზურგში იცავდა სამსობლოს. აქედან 20 ვერ დაუბრუნდა სოფელს. მასწავლებლები: ალიოშა აბუთიძე(ომში დაკარგული), ბიკენტი კობახიძე(ომში დაღუპული), სიმონ წვერავა, კოტე აბუთიძე. (ომის მონაწილეების სურათი)

ომის დამთავრების შემდეგ ქვეყანამ დაიწყო მიყენებული ჭრილობების მოშუშება. სკოლა კვლავ ჩვეულ რიტმში ჩადგა. ისეთი ფეხბურთელთა გუნდი ჰყოლიათ, რომ რამდენიმე წელი რაიონულ პირველობას არ თმობდა.

გადიოდა წლები... ძველი შენობა ვეღარ აკმაყოფილებდა დროის მოთხოვნილებას, თუმცა მოსწავლეებს ემსახურებოდათ სასკოლო ბუფეტი, სასკოლო ინტერნატი, გახანგრძლივებული დღის ჯგუფი დაწყებითი მოსწავლეებისათვის. (ინტერნატის სურათი,ძველი სკოლის სურათი.)

შედგა ახალი შენობის პროექტი. დაიგეგმა ახალი შენობა ძველის ადგილზე, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და მშენებლობა დაიწყო ცოტა მოშორებით. სოფლის დასაწყისში, 1971 წელს. (ახალი სკოლის სურათი)

1972 წლის 1 სექტემბერს სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. დირექტორი ქეთევან გიორგობიანი იყო, სასწავლო ნაწილის გამგე კი ნოდარ დვალი.

1982 წლის სექტემბრიდან სასწავლო ნაწილის გამგედ ინიშნება ელზა მიხეილის ასული გვენცაძე.

1991 წლის 29 აპრილი, შემაზრზენი დღე... მესამე გაკვეთილი... საშინელი მიწისძვრა დაატყდა თავს რაჭას. დაიბზარა და ჩამოინგრა სკოლის კედლები, ჩაიმსხვრა მინები, მოიშალა ცენტრალური გათბობის ქსელი.ქვეყანაში მიმდინარე უძნელესმა და ურთულესმა პირობებმა არ მოგვცა საშუალება შენობის რემონტისა.

ჭ.რ.ჭელიძე 23 წლის განმავლობაში ღირსეულად ედგა თავის კოლექტივს სათავეში,დაიმსახურა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა.

1999 წლის 14 ივლისს, თავისივე კაბინეტში აღასრულა სიცოცხლე ჭ.ჭელიძემ.

დღეს სკოლის დირექტორად ელზა მიხეილის ასული გვენცაძეა. დირექტორის მოადგილეებად კი ა) სასწავლო ნაწილის დარგში-მედეა მიხეილის ასული სვანიძე და ბ) სააღმზრდელო მუშაობის დარგში ნანა კასეანეს ასული ზედაშიძე. (მასწავლებელთა სურათი.)

წლების მანძილზე მოწინავეობს ჩვენი სკოლის სპორცმენები რაიონულ შეჯიბრებებში, ისინი მხოლოდ საპრიზო ადგილზე გამოდიან სპორტის სხვადასხვა დარგში. ტარდება ამხანაგური შეჯიბრებები ფეხბურთში მეზობელი სკოლების მოსწავლეებთან. (სურათი: ფეღბურთელთა გუნდი 2003 წ.)

გვყავს მომღერალთა გუნდი მ.ფარულავას ხელმძღვანელობით. (სურათი-მომღერალთა გუნდი). სკილასთან ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი ლ.მხეიძის ხელმძღვანელობით. ( სურათები) გადაღებულია რეპეტიციების დროს.

მკითხველი არ ელევა სასკოლო ბიბლიოთეკას, რომლის წიგნადი ფონდი 4500 ცალს შეადგენს. (სურათი-ბიბლიოთეკარი დ.დავითულიანი მკითხველებთან ერთად).

2003 წლის 23 მაისს დიდი ზეიმით აღინიშნა სკოლის დაარსებიდან 110 წლისთავი, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ რაიონის ხელმძღვანელი მუშაკები, განათლების მინისტრი ბ-ნი ალ. კარტოზია, რომელსაც თან ახლდნენ წარმომადგენლები განათლების სამინისტროდან.